ლევან კალანდაძე - განვითარება თანასწორობისათვის თუ თანასწორობა განვითარებისათვის
ლევან კალანდაძე - განვითარება თანასწორობისათვის თუ თანასწორობა განვითარებისათვის

ავტორი: ლევან კალანდაძე, ეკონომისტი

კვოტირება - ის რაც ჩვენ დღეს ხელოვნურად გვეჩვენება, ევროპისთვის დიდი ხანია უკვე ბუნებრივი გახდა

მალევე მივხვდი, რომ არა კვოტა, სხვა გამოსავალი არაა, მიაღწიო პროგრესს\"

 ქრისტინ ლაგარდი - აღმასრულებელი დირექტორი, IMF

 


საზოგადოების უდიდესი ნაწილი, და მათ შორის საქართველოშიც, დეკლარირების დონეზე ეთანხმება და იზიარებს გენდერული თანასწორობის იდეას, თუმცა, როგორც რეალობა ცხადყობს, როგორც ქალების, ისე მამაკაცების გარკვეული ნაწილი პოლიტიკასა და ბიზნესში მაინც გენდერული როლების კულტურულ-ტრადიციული განაწილების მომხრეა.

 

საქართველოში გაბატონებული სტერეოტიპული აზრი - როგორც ბიზნესში, ისე  პოლიტიკაში კაცი უკეთესი ლიდერია, ვიდრე ქალი. ამ მოსაზრების თანახმად, ზოგადად ნებისმიერი საქმე კაცს უკეთ გამოსდის და რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკა პირველ რიგში დგას, უპირატესად კაცის საქმეა. საზოგადოების ნაწილს ქალი პოლიტიკაში წარმოუდგენია, თუმცა, ისევ „ქალის ბუნებისთვის შესაფერის\" პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა, კულტურა, დიპლომატია, გარემოს დაცვა და ა.შ.

 

ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების გზით მოხვედრა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში დეპუტატ ქალთა რაოდენობა 10 %-ს არასოდეს აჭარბებდა (1991 - 6,8%, 1992 - 5,6%, 1995 - 7%, 1999 - 6,4%, 2003 - 9,4% და 2008 - 5%). დღევანდელი მდგომარეობით, ქალთა რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში დაახოლოებით 11%-ია. უფრო ზუსტად, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 17 არის ქალი.

 

ქვეყანში საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა რიცხვი ყოველი მომდევნო არჩევნების შემდეგ მცირდებოდა - 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებული 14%-ის შემდეგ, ქალთა პროცენტული მაჩვენებელი 2002 წელს 12%-ზე შემცირდა. 2006 წლის ოქტომბრის არჩევნებში 1750 არჩეული პირიდან მხოლოდ 195, ანუ 11,14% გახლდათ ქალი. ეს მაჩვენებელი არც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გაუმჯობესებულა - ქალები ადგილობრივ არჩეულ ხელისუფალთა მხოლოდ 11%-ს წარმოადგენდნენ.

 

აღმასრულებელ ორგანოებშიც საკმაოდ მცირეა ქალთა წარმომადგენლობა - 2012 წელს 19 მინისტრიდან მხოლოდ ხუთი იყო ქალი. 2013 წელს კი, 20 მინისტრიდან 3 ქალია. ანუ, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა.

 

გენდერული უთანასწორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება - საქსტატის მონაცემებით, ბოლო 13 წლის (1999-2012) დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მამაკაცების საშუალო ხელფასის 54%-ს შეადგენს და იმავე წყაროს დაყრდნობით, ბიზნეს კომპანიების მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობს ქალი.

 

ცალკე თემაა ოჯახი. ბიზნესსა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს მეტ წილად სწორედ ოჯახის „საჭიროებებიდან\" გამომდინარე სტერეოტიპული ხედვები განაპირობებს.

 

ქალის „მოვალეობად\" და „ექსკლუზივად\" მიჩნეულია ე.წ. საოჯახო საქმე, რომელიც ერთის, მხრივ ოჯახის წევრების მოვლას (საჭმლის მომზადება, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა, ბავშვის მოვლა, ბავშვის სკოლაში წაყვანა-მოყვანა, ბავშვისთვის გაკვეთილების მომზადებაში დახმარება და ა.შ.) და მეორეს მხრივ, სახლის წესრიგში ყოფნას (სახლის დალაგება, სარეცხის გარეცხვა და ა.შ.) უკავშირდება.

 

ბაზარში ან საყიდლებზე სიარული, ბავშვების გასეირნება კი, ისეთ საქმიანობად აღიქმება,  რომელსაც ორივე მათგანი, კაციც და ქალიც თანაბრად ან ერთად ახორციელებს.

 

მამაკაცის „როლი\" და „ექსკლუზივი\" ოჯახში „გადაწყვეტილების მიღებასთან\" და „საბოლოო სითყვის\" თქმის უფლებასთან, აგრეთვე ოჯახის „რჩენასთან\" და „ფულის შოვნასთან\" არის დაკავშირებული. თუმცა, საზღვარგარეთ სამუშაოდ (ოჯახების სარჩენად) წასული ქალების გაზრდილი სტატისტიკა ამ „რაციონალურ ხედვას\" პრაქტიკაში აბსოლუტურად განსხვავებული ტენდენციის სახით წარმოადგენს.

 

ქართული საზოგადოებისათვის და არა მხოლოდ მისთვის, დამახასიათებელია ორი, საოცრად არარაციონალური და არაპრაგმატული თეზის არსებობა - „ქალის სირცხვილია\" და „კაცის სირცხვილია\". ანუ, „ქალის სირცხვილია\", როცა მამაკაცი ე.წ. „ქალის საქმეს\" აკეთებს და პირიქით, „კაცის სირცხვილია\", როცა ოჯახს ქალი არჩენს.

 

ამასთან, გენდერული იერარქია კვლავ აქტუალური თემაა ქართული ოჯახების ნაწილისთვის და როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს სივრცისათვის, რაც დამახასიათებელია თავისი თანმდევი პირდაპირი და ირიბი მოვლინებებით - გენდერული სუბორდინაცია (თეზა: „გადაწყვეტილების მიმღები ან/და ხელმძღვანელი მამაკაცია\") და როლებისა და ფუნცქიების ე.წ. „გენდერული მახასიათებლების\" მიხედვით (თეზა: „ქალმა ქალის საქმე უნდა აკეთოს\") გადანაწილება.

 

ამასთან მიიჩნევა, რომ პოლიტიკა უფრო მეტად მამაკაცთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, მათ უფრო „შეეფერებათ\" და მათ უფრო კარგად „გამოსდით\" ეს საქმიანობა. ქართული საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ქალის ადგილი პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის. მეტიც, სასურველიცაა მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ მათი როლი და ფუნქციონალური დატვირთვა კონკრეტული, ლიმიტირებული ნიშით უნდა შემოიფარგლოს. ქალებისთვის „შესაფერისი\" ბიზნეს საქმიანობა, ისევე როგორც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის „ძირითადი მიმართულებები\", აშკარად გენდერული „ელფერის\" მატარებელია. მიჩნეულია, რომ ქალს უფრო „შეეფერება\" საქმიანობა სილამაზის სალონში, სურსათის, ტანსაცმლის, საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში, კოსმეტიკით ვაჭრობის სფეროში, სასტუმრო და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი, კაფე) ბიზნესში, ფერმერულ მეურნეობაში, სკოლებსა და ბაღებში.

 

თანამედროვე სამყარო და პროგრესისტული საზოგადოება დიდი ხანია ეძიებს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების ეფექტურ მოდელს. კვოტირება სწორედ ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ასეთი ინსტრუმენტია. კვოტირება - არა როგორც „წარუმატებელი ქალების\" ლობირების, წახალისებისა ან/და ადვოკატირების ხელოვნური მექანიზმი, არამედ საშუალება უზრუნველოფილი იქნას ქალთა მაქსიმალური ჩართულობა პოლიტიკასა და ბიზნესში და საამისოდ შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები, ბუნებრივია გარკვეული ხელოვნური დამაჩქარებლების, წახალისებისა და სტიმულების ელემენტებით. რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ჩვევის და კულტურის, ერთგვარი ტრადიციის სახეს იღებს წლების შემდეგ. ის, რაც ჩვენ დღეს ზედმეტად „ხელოვნურად\" გვეჩვენება, ევროპული საზოგადოებისთვის, რომელმაც უკვე დიდი ხანია კარგად მოირგო ეს ე.წ. ხელოვნური კვოტირების ინსტრუმენტები, დღეს ეს უკვე ერთგვარი ტრადიციულობის და ბუნებრივობის შინაარსის მატარებელია.

 

კვოტირება „ჩვეულებრივ\" ნორმას წარმოადგენს არა მხოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკური სივრცისთვის, არამედ ბიზნესგარომოსთვისაც. საყურადღებოა, რომ გენდერული კვოტირების შესახებ „დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა\" გადაწყვეტილება  2011 წელს მიიღო,  რომლის მიხედვითაც თითოეულ კომპანია 5 მონაწილიდან მინიმუმ ერთი ქალით უნდა იქნეს ფორუმზე წარმოდგენილი. მაგალითისთვის, 2015 წელს „დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე\"  მონაწილეთა 17% ქალებმა შეადგინეს. მაშინ როცა, 2000 წელს ეს მონაცემი მხოლოდ 9%-ს, ხოლო 2014 წელს 15%-ს უახლოვდებოდა.

 

2013 წლის 20 ნოემბერს „ევროპარლამენტმა\", 459 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც მიხედვითაც, 2020 წლისათვის  ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედმა კომპანიებმა, რომლებსაც 250-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონს ევროს აღემატება და აქციები საფონდო ბირჟებზე აქვს განთავსებული, დირექტორთა საბჭოში მინიმუმ 40% ქალები უნდა წარმოადგინონ.

 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჩანდეს, თავად ევროპაშიც კი, ძალიან „გვიან\" მივიდნენ პოლიტიკასა და ბიზნესში გენდერული კვოტირების აუცილებლობის საყოველთაობის შეთანხმებაზე. თვით სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინ ლაგარდიც კი, რომელიც საკუთარი კარიერის დასაწყისში კვოტების მოწინააღმდეგე იყო, კვოტების აუცილებლობის საკითხთხზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა აღმოაჩინა, რომ მისთვის შემდგომი კარიერული წინსვლა შეუძლებელი იყო, რადგან ის ქალია - „მე მალევე მივხვდი, რომ არა კვოტა, სხვა გამოსავალი არაა, მიაღწიო პროგრესს\".

 

ამ თემებზე მსჯელობა და გარკვეული სტერეოტიპული „მტკიცებულებები\", პოლიტიკასა და ბიზნესში მამაკაცების არსებული დე ფაქტო დომინანტური მდგომარეობისა და მოწინავე პოზიციების „გამართლების\" და შენარჩუნების მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე რაციონალურ და პრაგმატულ ანალიზზე დაფუძნებულ დასკვნას. გენდერული თანასწორობა წარმოადგენს პროგრესისა და ეკონომიკური სტიმულირების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, თუ პირიქით, ეკონომიკური ზრდა და განვითარება უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის მაღალ სტანდარტს, ეს საკითხი კვერცხისა და ქათმის შესახებ არსებულ დაუსრულებელ დავას ემსგავსება. თუ არ მიეცი შესაძლებლობა და ხელი არ შეუწყე ქალს, რომ მოწინავე პოზიციები დაიკავოს ბიზნესსა და პოლიტიკაში, არც არასდროს ეყოლება ქვეყანას წარმატებული ბიზნეს და პოლიტიკოსი ქალბატონები. ყოველ შემთხვევაში, მათი რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელო და მკაცრად შეზღუდული იქნება.

 

ლევან კალანდაძე

ეკონომისტი

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service