ადგილი, სადაც ბარიერები არ არსებობს
ადგილი, სადაც ბარიერები არ არსებობს

ავტორი: დავით მაღლაფერიძე 

ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მოულოდნელად, მარჯვენა ფეხში მგრძნობელობა წაერთვა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, გულმკერდის არეში, მალებზე და ზურგის ტვინზე კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, სასწრაფო ოპერაციის ჩატარების შემდეგ კი,  პარაპლეგი დარჩა.
პირველი ორი წელი მართლაც რთული აღმოჩნდა. დეპრესიაში ჩავარდნილი გოგოს ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღარაფერი ახარებდა, ჩაიკეტა და საკუთარ თავთან მუშაობა დაიწყო.


„ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ის დღეები და შემდეგ უკვე განვლილი წლები დამეხმარა, ცხოვრებისთვის სხვა კუთხით შემეხედა. განა მსოფლმხედველობა ან ხასიათი შემეცვალა, უბრალოდ საკუთარ თავთან მუშაობა, ბრძოლა ვისწავლე, სულ სხვა ღირებულებები გამიჩნდა. აქამდე რომ მოვსულიყავი, ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება მომიწია, სარკესთან საკუთარ თავთანაც მისაუბრია. წყენა, ბოღმა, დეპრესია მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდა, ისინი გახდნენ ამ ყველაფრის მსხვერპლი. სულ ვცდილობდი, რომ მეგობრებს ღიმილით დავხვედროდი და მათთვის ჩემი სიმძიმე არ გადამედო“.


მეგობრები მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ისე იქცნენ, რომ მათ ურთიერთობაში შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერი არასოდეს გამხდარა, მეტიც, სწორედ ეტლით მოსარგებლის მდგომარეობამ აპოვნინა ირმას ახალი საქმე.


 „მეგობრის რჩევით, რომელიც თავადაც ეტლით მოსარგებლეა, შევიტყვე, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხორციელდებოდა პროქეტი, სადაც შშმ პირებს დაასაქმებდნენ, იმ პერიოდში სამსახური ძალიან მჭირდებოდა და უსიტყვოდ გავყევი. აქედან დაიწყო ის დაუვიწყარი 4 სამუშაო თვე.  პირველი პოზიტიური განცდა, ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როცა დაწესებულებაში შეღწევადობას პრობლემა არ შეუქმნია, იყო ადაპტირებული შესასვლელები, განიერი ლიფტი, ადაპტირებული საპირფარეშო, სამწუხაროდ, ეს გამართული ინფრასტრუქტურა სხვა შენობებში, ჯერ კიდევ ოცნების თემაა“


ასე გახდა ირმა, ცესკოს ცხელი ხაზის ოპერატორი, მისი მოვალეობა, მოქალაქეებისთვის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სრული და კომპეტენტური პასუხების გაცემა გახლდათ.


„ვაღიარებ, რომ ადვილი სულაც არ იყო, ძალიან სპეციფიკური და ზედმეტად საპასუხისმგებლო სამუშაოა, იმიტომ, რომ მოსახლეობასთან გაქვს შეხება და თან ყველაზე აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, თავიდან არაფერი ვიცოდი და ახალი იყო ჩემთვის. პირველი ერთი თვე იყო სწავლება, გარკვევა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩაგვიტარდა ბევრი საინტერესო სემინარი.  ბევრი მეგობარი შევიძინე, ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. სწორი დამოკიდებულება, არანაირი გადაჭარბებული ემოციები, ჩვეულებრივი სამუშაო გარემო, რომელიც საერთოდ მავიწყებდა, რომ  გარეთ, საზოგადოებაში  სრულიად სხვა სტერეოტიპებია  დასამსხვრევი.  მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთ გარემოში უნდა მუშაობდეს ყველა შშმ პირი, იდეალური პირობები და  წარმატებული პროქეტი გახლავთ. იქ მიღებული შთაბეჭდილებები, დიდხანს გამყვება და არც არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ისევ დავბრუნდე“.

 

ცესკო-ს შემდეგ, ირმას ცხოვრებაში პარაოლიმპიური კომიტეტი იყო. სწორედ იქ შეთავაზეს, რომ ფარიკაობაში ეცადა ბედი, ისიც უსიტყვიდ დათანხმდა და ხელში, რაპირა დაიკავა თუ არა, მაშინვე მოიწამლა, თანაც ისე, რომ 2014 წლის მსოფლიო თასზე გრანპრო აიღო.
რაც შეეხება სახელმწიფოს...


„ვფიქრობ, რომ ქვეყანა მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ შშმ პირებს  უწევს ანგარიშს და მათ თავს სასარგებლო ადამიანებად აგრძნობინებს. ახდენს მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში, იცავს უფლებებს და ათანაბერებს სხვა მოქალაქეებთან. ჩვენ დიდი რესურსი ვართ, დიდი ძალა! პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ინფრასუქტურის მოწყობა ნებისმიერი შშმ პირისთვის. გარემო უნდა იყოს  ჩვენზე მორგებული, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს გარემოზე მორგება, რაც რთულია და ბევრ ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნის. ყველა შენობა-ნაგებობა უნდა იყოს შეღწევადი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული, აქ, რატომღაც მხოლოდ პანდუსი იგულისხმება, რაც არასწორია. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტს ვერ ვიყენებთ, ტაქსით გადაადგილება გვიწევს, ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


რაც შეეხება ჯანდაცვას, აუცილებლად უნდა გადავიდეთ სოციალურ მოდელზე. სადაზღვეო პაკეტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შშმ პირების ინდივიდუალური საჭიროებები. თუკი, გაეროს კონვენცია ძალაში შევიდა და მოხდა რატიფიცირება კეთილი ვინებოთ  და დავიწყოთ ცვლილებები ჩვენს ქვეყანაშიც“.

დავით მაღლაფერიძე, 2015

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service